გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „ფერის“ დირექტორმა, იოსებ მჭედლიშვილმა.
პროექტის ფარგლებში ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები მოეწყობა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და დღეის მდგომარეობით, სისტემები სრულად ამორტიზებულია.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. აბასთუმნის გარდა, ახალი ინფრასტრუქტურა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.