სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში მუშაობს.

„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს მომარაგების შეფერხება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვები ისმებოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონაში მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ოპერატორის მუშაობის თემასთან დაკავშირებით.

სურსათის მიწოდების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას. დამატებითი მოთხოვნები, გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინე ზონაში სურსათის ოპერატორებთან დაკაშირებით, სადაც რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საკარანტინე ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი ერთი მხრივ სურსათთან და მეორე მხრივ, პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან პროდუქციას, რომელიც მოსახლეობისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმ უწყებებთან, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მძღოლების მოძრაობა. მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, ხდება მანქანების სპეციალური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ დაავადების გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, – ლევან დავითაშვილი

Previous articleშსს-მ მარნეულში ორი პირი დაკავა
Next articleსწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა პირველ რიგში მარნეულში მოხდება