ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი ქარხნის მშენებლობა მოხდება, რომლის წარმოება სრულად ორიენტირებულია ექსპორტზე და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზე.
ქარხანაში ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.
პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე. ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. კომპანიამ უკვე გააგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის გაგზავნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილის თვეში.
ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.