მსოფლიოში ცნობილი „აპტოსის” ძაფების გამომგონებელი ქართული კომპანია თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს მშენებლობას იწყებს. „აპტოსი” „აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს.
აპტოსის ძაფები ქართული ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა, გერმანიაში იწარმოება და “Made in Germany”-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში.
ორხევში საწარმოს აშენების შემდეგ წარმოება მთლიანად საქართველოში გადმოვა და პროდუქტი „Made in Georgia”-ს წარწერით გავა როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი და სინგაპური.