მცხეთაში სოფელ ჩარდახსა და პატარა ქანდაში ახალი საბავშვო ბაღები შენდება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩარდახსა და პატარა ქანდაში აქტიურად გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები.
შენობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები, ასევე საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
სოფელ პატარა ქანდაში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სკვერის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. 330 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ბავშვთა გასართობი კუთხე, სკამები, ლამპიონები, ფანჩატური, დაიგო დეკორატიული ფილები და დამონტაჟდა ტრენაჟორები. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამუშაოები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა განხორციელდეს. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის მხარეში დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.