საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პირველად საქართველოში, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა – საგამოძიებო და დაკავების ოთახები მოეწყო. ასევე, 2018 წელს სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორები ახალქალაქში, წალკასა და ჩხოროწყუში. გაფართოვდა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ქობულეთის, ფოთის და სამტრედიის იზოლატორების რეაბილიტაცია. აგვისტოში გაიხსნება ახალი იზოლატორი ბაკურიანში.
2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა, საგარეჯო ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და მოქმედმა ექიმებმა კი სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს.
გარდა ამისა, გასულ წელს გადამზადდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელი, 6 იზოლატორში სრულად განახლდა და გაიმართა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. 2019 წლის ბოლომდე ვიდეოკამერები შეიცვლება დარჩენილ 23 იზოლატორშიც. დღევანდელი მდგომარეობით, ვიდეოჩაწერა ყველა იზოლატორში ხორციელდება და ჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორების თითოეულ საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, თბილისში უკვე დაწყებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული არასრულწლოვნებსა და შშმ პირებზე, ადგილზე იფუნქციონირებს ორი სამედიცინო პუნქტი, მშენებლობისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში 2019 წლის ბოლოს დასრულდება.