საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა-აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, “ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება შეადგენს 93 139 ლარს, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის – შპს “გრინჰილის” თანამონაწილეობაა.