პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობა სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას იწყებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ინიციატივა ითვალისწინებს საზოგადოებრივი სამუშაოების შექმნას სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებისთვის.
„ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი გავაგზავნე ევროპის რამდენიმე მაგალითის შესასწავლად. ჩვენ შევისწავლეთ კარგად, თუ როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს უკვე გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ეს პროგრამა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიური პოლიტიკა პირველი მარტიდან დაიწყება.
„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა: ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნაა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებამდე ახალი სამუშაო ადგილების შექმნამდე გადის, ამიტომ ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. არსებული სოციალური პოლიტიკა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა ითქვას, რომ უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-მდე მეტი შრომისუნარიანია. ისინი აბსოლუტურად დემოტივირებულები არიან რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ რა თქმა უნდა სოციალურ დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს შშმ პირებს, ყველას ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ, შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება. ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.