ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს.
ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 1240 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2840 მეტრის სიღმეში ხორციელდება.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება: 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და განხორციელდება 1 ხიდის რეაბილიტაცია, მათ შორისაა 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისაგან, რაც გაზრდის როგორც უშუალოდ კურორტის, ისე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ახალი 23 კმ-იანი გზა კი, მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 სთ-ით შეამცირებს, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.