კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მცხოვრებნი საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ. 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გახსნა.
ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
მისი მომსახურების სივრცე 308 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ სერვისს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აწვდის. ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
დღესვე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.
კასპის მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები ქართლის რეგიონში – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში – ფუნქციონირებს.

Previous articleგარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება
Next articleჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა