ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. თითოეულ დარბაზსა და აუზს ექნება საკუთარი გასახდელები და საშხაპეები.
ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქ ახალციხეს მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ტურნირების ჩასატარებლად. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის არსებობა ქალაქის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში – დაიწყო თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა.