ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. პარკით სარგებლობა უკვე შეუძლია მოსახლეობას. აღნიშნული სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევებისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე ხორციელდება.
ფართომასშტაბიანი სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები, ცხოველების სასეირნო მოედანი, სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1342 ძირი ხე; სანიტარიული ჭრის ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრა. გარდა ამისა, დამატებით 7 435 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვა იგეგმება.
რაც შეეხება კასკადისა და შადრევნის სრულ რეაბილიტაციას, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც. კერძოდ, დამონტაჟდება სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია და წყლის ამოფრქვევას ნებისმიერი ფორმით უზრუნველყოფს.
კასკადის პროექტირებისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასკადის ავტორების შვილებთან და ოჯახის წევრებთან, ხოლო ერთი საჯარო შეხვედრა – ვაკის პარკში მოსახლეობასთან.
მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.