დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.პროექტის დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს,თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაეცემა და ბორჯომში, დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება.
საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 150 ოჯახს , 2025 წელს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ბორჯომში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის დიაგნოსტიკას და მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.
პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.
უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.
საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია.
ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ – ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.
18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით საქართველო საუკეთესო ოცეულშია
მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზე დაწინაურდა, სახელმწიფო კეთილსინდისიერების ინდექსით კი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში – „გამჭვირვალობა ომის დროს“ – გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე-17 ადგილზე დაწინაურდა.
საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
საქართველო რეიტინგში უსწრებს კანადას, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას, ირლანდიას, ისლანდიას, დანიას, ჩეხეთს, პორტუგალიას, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, საბერძნეთს, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, კვიპროსს, სამხრეთ კორეას.
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალურ გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ინდექსის შეფასების ქულა ზომავს ფაქტებით და არა აღქმით მანძილს, თუ სად არის ქვეყანა და სად უნდა იყოს ის რეალურ გამჭვირვალობაზე ანგარიშვალდებულებისთვის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის კრიტერიუმების გამოყენებით.“
რაც შეეხება ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსს“, ის უცვლელი დარჩა და საქართველო 6,72 ქულით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და ყველა დანარჩენს უსწრებს.
ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს. ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის მიერ.
სოციალურად დაუცველი ბავშვები თვეში 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი.
აღნიშნული ცვლილება 233 000-მდე ბავშვს შეეხება.
წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული დახმარება შეადგენდა 0 ლარს.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
გასულ წლებში, ოპერაცია ნაწილობრივ ფინანსდებოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კი ახლა 120 000 ლარით ფინანსდება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.
ქუთაისში დევნილებისთვის 720 ბინის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი – 77 347 872 ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობა
🟩„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გზა საერთაშორისო გზის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად არსებული გზის ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ 6 სოფელს გადის და საგზაო უსაფრთხოების კუთხით, დაუშვებელია ამ პირობებში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. ახალი 16.6 კმ-იანი გზა კი, გვერდს აუვლის ქალაქ წნორს და ექვსივე სოფელს. ახალი გზით მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტოტრანსპორტის გამტარობა და დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი. გამოწვევების მიუხედავად, გვაქვს პროექტის განვითარების პროგრესი. ხელოვნური ნაგებობების 77% უკვე დასრულებულია და ექვსივე ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა, ზაფხულში დაიწყება ბურჯების მოწყობა, ისე რომ, სახელშეკრულებო ვადის გათვალისწინებით, 2024 წელს პროექტი დასრულდეს და გზა შევიდეს ექსპლუატაციაში.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კმ-ი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას.
ამჟამად არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა კი, გვერდს აუვლის როგორც ქალაქ წნორს, ისე 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). პროექტის დასრულების შემდეგ, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონ ლარია
#ინფრასტრუქტურა2023
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზი აშენდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერა.
ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.
ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე. ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც.
აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ქუთაისის აუზის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2021 წლის 9 ივნისს ჩადეს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საცურაო აუზზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
განახლებული ტყიბული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება.
ქალაქ ტყიბულში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, დასრულდა გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები და მიმდინარეობს მესამე ეტაპის სამუშაოები.
მესამე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია უტარდება 3 შენობას, 1 სკვერს, მიმდებარე ტროტუარებს და ღობეებს.
სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, რეაბილიტირდება 42 შენობა, 1 სკვერი და მიმდებარე ტროტუარები.
ასევე, მოხდება გაზონების გამწვანება და ღობეების მოწყობა.
„განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.
პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები გაიხსნა
დღეიდან იუსტიციის სახლის სერვისების მიღება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდის ადგილზევე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი ქართული ინოვაციაა და ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრმა გახსნა.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება, ინდმეწარმედ რეგისტრაცია და სხვ. სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ.
ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება.
დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე კი, სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან.
მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის სახლის, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები.
დღესვე იუსტიციის სახლის ფილიალი რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულებაშიც ამოქმედდა და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გაიხსნება.
პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.