Home Blog გვერდი 135

სადეზინფექციო ღონისძიებებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 60 000 ლარამდე, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ 1130 ლარი დახარჯეს

0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო ღონისძიებებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 60 000 ლარამდე დახარჯა, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ – 1130 ლარი, ამასთან თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოიყო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსების, მეტროს და საბაგიროს მომსახურებაზეა პასუხისმეგებელი, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ჩასატარებელი სადეზინფექციო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკუთარი სახსრებით ჯამში 59 560 ლარის შესყიდვა განახორციელა. კერძოდ:

850 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი – 16150 ლარი;

1000 ცალი სამედიცინო პირბადე – 300 ლარი;

100 ცალი რესპირატორი – 200 ლარი;

46 ცალი ლაბადა -1518 ლარი;

38 ცალი დამცავი სათვალე – 608 ლარი;

135 წყვილი რეზინის ხელთათმანი – 284 ლარი;

30 ცალი დისპენსერი – 4500 ლარი;

900 ლიტრი ანტისეპტიკური ხსნარი – 36000 ლარი.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურებას უზრუნველყოფს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკუთარი სახსრებიდან ახორციელებს მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს და დღეის მდგომარეობით კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯი 1130.5 ლარია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სერვის-ცენტრებისა და საჭიროების შემთხვევაში მერიის მფლობელობაში სხვა ფართების დეზინფექციის ღონისძიებების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 15000 ლარი.

ლევან დავითაშვილი – ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს

ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს, -ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

ჯგუფის მუშაობის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე მხრივ, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებისთვის თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო.

„მოხალისეებს გადასცეს სპეციალური ეკიპირება – ჟილეტები, ბეიჯები, ხელთათმანები, ასევე, საინფორმაციო მასალა. შესაბამისად, ისინი ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.

უფასო სასადილოების შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებული მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდება. დამატებით სერვისებს მერიის მიერ დატრენინგებული ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები ორშაბათიდან განახორციელებენ. პროცესში მოხალისეებად ჩართვის სურვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს,“ – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

პროდუქტებთან დაკავშირებით ქვეყანაში არანაირი შეფერხება არ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით,ქვეყანაში სასურსათო მარაგის პრობლემა არაა და ყველა სავაჭრო ქსელი რამდენიმეთვიანი მარაგითაა უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც პრემიერი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები ესწრებოდნენ.

„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ არის არანაირი შეფერხება პროდუქტების, სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი. ჩვენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რომ ეს მარაგები უზრუნველყოფილი იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს არავითარი საფუძველი არ გვაქვს პანიკისთვს და იმ მომატებული მოთხოვნისთვის, რომელსაც ვხედავთ“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა

მეწარმეების გარკვეული კატეგორია 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდება

0

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან.

„მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას.

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლთ მთელი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ.

რასაკვირველია, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მივაკვლიოთ დამატებით გზებს, ქალაქის ეკონომიკის ხელშესაწყობად და კერძო სექტორისთვის ზიანის შესამსუბუქებლად,” – განაცხადა თბილისის მერმა.

ფონდი “ქართუს” ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში

0

გთავაზობთ ფონდ ,,ქართუ”-ს საქველმოქმედო პროექტებს ჯანდაცვის მიმართულებით, რომლებიც ჯამში 165 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია (461 მილიონი ლარი). ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებს მის მიერ დაარსებული ფონდი „ქართუ“ 2000 წლიდან აფინანსებს.

“ქართუს” მიერ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტებია:

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რესტავრაცია
საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობა
ბორითის ,,ემერჯენსი”-ს მშნებლობა
ურეკის ,,ემერჯენსი”-ს მშენებლობა
აბასთუმნის ამბულატორიის მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა
აბასთუმანში ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ცენტრის მშენებლობა
საჩხერის მოსახლეობის დაზღვევის პროგრამა
საჩხერის, ხარაგაულის და ოზურგეთის რაიონებში სამედიცნიო სერვისების და ექიმების დახმარების პროგრამა
ასევე 20 მილიონ ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი მოქალაქეებისთვის მკურნალობისა და ოპერაციების დასაფინანსებლად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2021 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქვს 160-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია;
უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება/მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება;

ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზა მოეწყობა

დაგეგმილია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი და გარე განათება.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა, მომლოცველები და ტურისტები გადაადგილებას უსაფრთხო და კომფორტული გზით შეძლებენ.

ფონდი “ქართუს” განცხადება

0

დღეს, ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ააცილოს საკუთარ მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტიან მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრს, ინფექციურ საავადმყოფოს, ყველა პროფილურ კლინიკას, ამ საქმეში ჩართულ თითოეულ ექიმს, თითოეულ სპეციალისტს და თითოეულ ადამიანს.

„ქართუ“ ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებულ მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით.

 

შსს-ს დანაყოფებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

0

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა დროებითი მოთავსების იზოლატორის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, მათ შორის სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკანი, სამედიცინო პუნქტი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ასევე საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეული. დასუფთავდა როგორც მოსაცდელი დარბაზები და ექიმ-ნარკოლოგთა ოთახები, ასევე ინვენტარი. დამუშავდა ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის სამუშაო ოთახები, მოქალაქეთა მისაღები, მოსაცდელ ოთახები.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, და ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში , ასევე საპატრულო პოლიციის ერთიანი მიმსახურების ცენტრის სამუშაო სივრცეებში.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულბში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.