ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.
აღნიშნული საავტომობილო გზის 4-კილომეტრიანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებული. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. პროექტი ბარდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება 210 მილიონ ლარს შეადგენს.