მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობის პროექტ “Log in Georgia”-ს ფარგლებში, დღეიდან ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. აღნიშნულ პროექტს „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს და ის ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქეს უკვე შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისებით.
„მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა და ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი სწორედ გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ. ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა, ისარგებლონ ისეთი პროგრამებით და სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ.
მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”. პროექტი, რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება, ჩვენს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, მე ვიტყოდი, არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ეს არის შესაძლებლობა კერძო სექტორისთვისაც, განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
მიხარია, განსაკუთრებით, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია. ეს არის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბახვის საჯარო სკოლა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, 2000 წელს გარემონტდა სოზარ სუბარის ინიციატივით, სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზია ვაშალომიძის ძალისხმევით და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ჩართულობით.
„ეს სკოლა სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზიას ძალისხმევით გარემონტდა 2000 წელს და მას შემდეგ ეს სკოლა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ბატონი სოზარ სუბარის ინიციატივით, ქალბატონი მზიას ძალისხმევით და რა თქმა უნდა, ბატონი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის უშუალო ჩართულობით დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული, ევროპული დონის და სტანდარტის სკოლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ოუფენ ნეტის“ პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. 2025 წლისათვის პროექტი, დაახლოებით, 1000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებს მოიცავს. ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება, დაახლოებით, 500 000 ადამიანისთვის.
ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით. სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.