რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორ ზოლიანი მონაკვეთი წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე.
რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე გამომწვევი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია და შარშან გახსნილ ჩქაროსნული მაგისტრალის 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის 2.5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი, ხოლო 37 ხიდიდან სამუშაოები 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის კოჭების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 67 ხიდზე – 96 ხიდიდან და 43 გვირაბზე – 53 გვირაბიდან, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს, უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოსახვის (მოპირკეთების) სამუშაოები, ხიდებზე კი, დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით გამონოლითების პროცესი, რის შემდეგაც უკვე გზის საფარი მოეწყობა.