რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის სამშენებლო-სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13-კილომეტრიან და შორაპანი-არგვეთას 14.7-კილომეტრიან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაო, ჯამში, 62 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 6 გვირაბი უკვე გაჭრილია.
რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლისთვის.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.