ხონის მუნიციპალიტეტში ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა.

რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით აკავშირებს ერთმანეთთან.

ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები – გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი უკავშირდებიან საქართველოს საავტომობილო გზების ქსელს.

პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამცირებს გადაადგილების დროსა და მანძილს პრომეთეს მღვიმიდან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმიდან ოკაცეს კანიონამდე მისვლა 60 კმ-ის ნაცვლად უკვე მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.5 მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

Previous articleსაჩხერის 5 სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
Next articleქალაქ ახალციხეში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა