საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში მოსწავლეებმა დღეიდან სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს.
პროექტი ითვალისწინებდა 150 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, საკლასო ოთახების გარდა კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სოფელ მეჯვრისხევში არსებული საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო, რის გამოც ბავშვებს სიარული სოფელ აძვის საჯარო სკოლაში უწევდათ.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონი ლარია.
სოფელ მეჯვრისხევში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელმაც შიდა ქართლის რეგიონში უკვე დაასრულა 4 სკოლის მშენებლობა. დამატებით, მიმდინარეობს 7 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.