ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package – SNGP) ფარგლებში, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის (Defence Capacity Building Trust Fund) შესაბამისი პროექტის ხელშეწყობით ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NATO Support and Procurement Organization – NSPA) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) 5 ერთეული „რენოს“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ნატოს მხარემ JTEC-ისთვის სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები NSPA-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს.
ჯამში, JTEC-ს 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება JTEC-ის ტრანსპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მთლიანობაში გაზრდის JTEC-ის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელების პროცესში, ასევე, აქტიურად იყო ჩართული JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფი (JTEC NATO Advisory Team).