საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს, ასევე, დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს. აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

Previous articleთავდაცვის ძალებს ნატოს სტანდარტების 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა გადაეცა
Next articleუფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს