სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.
ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5-მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების“ ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების – Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქულმა მხარემ მატერიალურ-ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.