ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა.

დღეს ახალი მუზეუმი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოინახულეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, რომელიც მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნება.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

არქიტექტურული პროექტი: გერმანულმა საპროექტო კომპანია „Ellis Williams Architects” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

Previous articleგელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
Next articleთავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება