თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარი იქნება სრულად უზრუნველყოფილი ადგილზე შეკერილი მაღალი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების დონის ფორმებით. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი სარგებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
“აქტიური მოლაპარაკების პროცესში ვართ ჩვენ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიასთან, რომელმაც შექმნა მაღალტექნოლოგიური ფაბრიკა. კერძოდ, ამ ფაბრიკაში დამონტაჟებული არის იტალიური და იაპონური დანადგარები, რომლებიც სრულად ემსახურებოდა უცხოურ ბრენდებს – იტალიურ და სხვა ევროპულ ბრენდებს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ამ საწარმოს მოუწია შეფერხება და, ასე ვთქვათ, შეწყვეტა კონტრაქტების, და შემოვიდა წინადადებით, რომ „დელტასთან“ ერთად ჩვენ შევქმნათ ერთობლივი საწარმო. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ დელტას შესვლას ამ საწარმოში. გარკვეული, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობა შედგება და ეს საწარმო სრულად დააკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, უნიფორმების წარმოებას, საველე ფორმის, ასევე, ყოველდღიური ფორმების, საპარადე და ა.შ. ანუ ყველაფერი სრულად შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ ამ ფაბრიკაში და აღარ მოგვიწევს რამდენიმე ათეული მილიონის გატანა უცხოეთში ისე, როგორც მოხდა წელს, ვინაიდან, მე თვითონ მქონდა შეხვედრა რამდენიმე მწარმოებელთან, მე მათ აღვუთქვი დახმარება და დაინტერესება, სრული მოტივაცია მივეცი, რომ იქნებ, მათ შეექმნათ ჩვენთვის, თავდაცვის ძალებისთვის მაღალხარიასხიანი ნატო-ს სტანდარტების ფორმა, მათ ვერ შეძლეს, სამწუხაროდ. პრობლემები იყო მოწოდებასთან დაკავშირებით, ვადებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მოგვიწია რამდენიმე მილიონის გატანა ქვეყნის გარეთ. ეს ერთ-ერთი სარგებელი იქნება ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეეწყობა ხელი და ადგილზე შეიკერება ყველაფერი. ჯარი იქნება სრულად უზრუნველყოფილი ადგილზე შეკერილი მაღალი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების დონის ფორმებით” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.