აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ჩვენმა ქვეყანამ უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება, ეს კომერციული პროექტი გახდეს.
„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე – ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შგვიძლია ჩვენივე ქარხნით – „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე იქნება სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები, არ გამოვრიცხავთ ასევე სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას.
ჩემი დანიშვნის დღეს ვთქვი და ბევრისთვის გახდა საქილიკო და ვერ გაიგეს, რომ „სუ25“-ის აღდგენაზე იყო საუბარი. ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შევძლოთ გარემონტება, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შევიძინოთ გასარემონტებელი ნაწილები. შეგვიძლია, ყველაფრის გარემონტება, „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ეს ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება, გამოიყენოს უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის, ასევე შეიძლება ეს სუფთა კომერციული პროექტი გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.