თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. იმერეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
2016 წლიდან დღემდე რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რაიონული სამსახურის 7 შენობას. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ცენტრს დამატებით 5 რეაბილიტირებული შენობა გადასცეს.
2020 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 45 რაიონული ოფისის მშენებლობა უნდა დასრულდეს.