ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს.

KIU -ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალმა სტუდენტებმა, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სურთ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნივერსიტეტის კოდი – 197 უნდა მიუთითონ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.

უნივერსიტეტის კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 150 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. კამპუსი მოიცავს: სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

Previous articleაჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო
Next articleსაქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ