ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.
2018 წლის 13 აგვისტოდან კი, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლოს. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.