შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში თოვლში ჩარჩენილი საქართველოს 7 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მოულოდნელად მოსული უხვი ნალექის გამო, სატრანსპორტო საშუალება, სადაც 7 ადამიანი იმყოფებოდა, თოვლში ჩარჩა და იქ მყოფი ახალგაზრდები გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ. ადგილზე მისვლისთანავე, ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს, მანქანა თოვლის საფარისგან გაათავისუფლეს და 7-ვე მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილით თბილისში უვნებლად გადმოიყვანეს.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.