განათლების რეფორმის ფარგლებში „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი ინერგება.
სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური – უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.
თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.
შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.
2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში.
დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. დღეს საქართველოს მასშტაბით სულ 8 ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს:
შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი. 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატური საჯარო სკოლების მოსწავლეთა 85%-ს მოემსახურება.
მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღაურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.
2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული.
მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება, სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაიგეგმება მოცულობითი ღონისძიებები და კამპანიები, მათ შორის, ყოველწლიურად ჩატარდება უსაფრთხო სკოლის კვირეული.