განათლების რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას. განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის.
ასევე, რეფორმის ფარგლებში იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. განათლების სამინისტროს ცნობით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.
რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. ის სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობს.
„ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და ის ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში დაინერგება.
„ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდი el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.
რეფორმის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.
2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა -ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
მასწავლებლებისთვის გაუქმება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.
2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.
ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა. 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი.
პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.
უმაღლესი განათლების კუთხით შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.
მეცნიერების მიმართულებით 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.
განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.