ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა
პროფესიული სასწავლებელი, რომლის შენობა ჯამში 1200 კვ.მ ფართს მოიცავს, 250 სტუდენტზეა გათვლილი, ხოლო ეზოს ჩათვლით ტერიტორია 1 ჰექტარს შეადგენს.
მულტიპროფილური სასწავლებლის თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოწყობილია პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობაში განთავსებულია თეორიული და პრაქტიკული სასწავლო სივრცეები, ადმინისტრაციული ნაწილი და კაფეტერია. შენობა უზრუნველყოფილია თანამედროვე სისტემებით.
კოლეჯის ეზოში მოწყობილია ამფითეატრი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები, ავტოსადგომი და ველოსიპედების სავალი ნაწილი. სასწავლებელი სრულად აღჭურვილია სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტრობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.