ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.
მედიკამენტების ჩამონათვალის სანახავად დაკლიკეთ: raketdeba.ge/med
თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.
ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.
საცალო ქსელში მედიკამენტების ზღვრული მაქსიმალური ფასი შემდეგი წესით დაანგარიშდა:
ა) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება მაქსიმუმ 40% დარიცხვა;
ბ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება მაქსიმუმ 35% დარიცხვა;
გ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება მაქსიმუმ 30% დარიცხვა;
დ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 25% დარიცხვა;
ე) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 20% დარიცხვა;
ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა მას ემატება მაქსიმუმ 15% დარიცხვა;
ზ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მაქსიმუმ 20 ლარი.
ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.
რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.