აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი.
გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება. სამუშაოების ღირებულებამ 113 მილიონი ლარი შეადგინა.
მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.
ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. პროექტის ღირებულება 228 მილიონი ლარია.
ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იანი მონაკვეთზე გადაადგილების დროს.