საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური, რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო.
პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
წყლის დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5კმ მაგისტრალური მილი, დამატებით რეაბილიტირდება 1,5კმ-მდე არსებული მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.