სამტრედია-გრიგოლეთის მეოთხე, 9.5 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია 2 ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოებიც. გზის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსას გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას. მიმდინარე წლის ბოლომდე, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. პროექტის ღირებულება 113 მილიონი ლარია.
აქტიურად გრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის პირველ, 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს), სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, სადაც 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა მიმდინარეობს.