2022 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 1 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა 560 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.
პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები,კარდიოქირურგია, გეგმური ქირურგიული მომსახურება, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ონკოლოგია, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის იმუნიზაცია, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, მაღალტექნოლოგიური,დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.
ამასთანავე, გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, რათა პროგრამის რესურსით კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს მოსახლეობის მრავალმხრივი საჭიროებების მოცვა. ამ მიზნით, პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს ( 0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).