ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივ ბენეფიციარებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
ამბროლაურში, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურით სრულად აღიჭურვა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარებს, სამეგრელოდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ გადამზადებული სპეციალისტები ჩაანაცვლებენ.
ამ ეტაპზე, დიალიზის სერვისს, ამბროლაურში 15-მდე პაციენტი იღებს, მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით, მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები, 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.