კახეთის რეგიონში ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება.
პროექტის შესაბამისად აშენდება 3,7 კმ საავტომობილო გზა და 6 ახალი ხიდი.
ამ დროისთვის, რკინაბეტონის მილების, სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელებზე ყრილების მოწყობა მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე ლოტზე მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.
არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა კი სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.
ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ პროექტის განხორციელებაში ქართულ კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ვაზიანის შემოვლით გზას სწორედ ქართული კომპანია აშენებს.