2022 წელს დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა, ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის დიფერენცირებულ-გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება, ტელემედიცინის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება და ხარისხიანი მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი დაფინანსების მექანიზმების მოდიფიცირება.
წელს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში. სოფლებში დასაქმებული ოჯახის ექიმები და ექთნები აღარ ოპერირებენ როგორც ინდივიდუალური მეწარმეები, არამედ ისინი გახდნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ამავდროულად, გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება.
200-მდე სოფლის ამბულატორიას გადაეცა განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა და ტელემედიცინის 50 სისტემა, რითაც მოსახლეობისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლოს მიიღოს გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისები. მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკავშირის დაფინანსებით, დაგეგმილია სოფლებისთვის დამატებით 200 ამბულატორიის აღჭურვა და ტელემედიცინის 50 სისტემის გადაცემა.