გრიგოლეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
პროექტის ფარგლებში შენდება 4 ზოლიანი 14.4 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები.
მიმდინარეობს ყრილის, ქვეშსაგები ფენის, საფუძვლის, ასფალტის საფარის, სახიდე გადასასვლელების ხიმინჯებისა და ბურჯების მოწყობისა და რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები.
გრიგოლეთის შემოვლითი გზის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა 228 მილიონი ლარით დააფინანსა.
გრიგოლეთის შემოვლითი გზის ჩათვლით, შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით მგზავრობის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვანია სატრანზიტო გადაზიდვების, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.