ევროკავშირის პროგრამით ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე ცენტრალური შადრევანი რეაბილიტირდა.
პროექტის ფარგლებში მოპირკეთდა შადრევნის დაზიანებული მოზაიკური ნაწილი, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, რეაბილიტირდა შადრევნის მონუმენტური ნაწილი – ქანდაკებები.
რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე განახლდა არსებული სკვერი. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა სკამები და ფანჩატური, მოეწყო განათების ახალი სისტემა და საფეხმავლო ბილიკები.
ქუთაისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერეს.
სამუშაოების ღირებულებამ 527 000 ლარი შეადგინა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის, წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ეწყობა დასასვენებელი სივრცეები, რეაბილიტაცია უტარდება 100 საფეხურიან კიბეს და სხვა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამასთან, საპილოტე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები თანადაფინანსდება მუნიციპალიტეტების საკუთარი ბიუჯეტიდან