კასპის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამმუშავებელი საწარმო შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნა.
საწარმოს მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. პროექტი ხელს უწყობს მეორადი საავტომობილო ზეთების, მათ შორის, ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც არის უსაფრთხო და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.
ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთებს და აწარმოებს 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური ბენზინი და მეთანის გაზი). საწარმოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.