ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9-კილომეტრიანი გვირაბის ბურღვისა და მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს. ამ ეტაპზე მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობა.
სულ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.
პროექტის მიხედვით, ახალი გზის არეალში მოხვდება სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ახალი 23-კილომეტრიანი გზა კი, მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, თავად სატრანზიტო მიმოსვლას მეტად უსაფრთხოს გახდის.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზა, გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისაგან, რაც გაზრდის როგორც უშუალოდ კურორტის, ისე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.