საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

ახალი 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები აშენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურსა და სოფელ ბენარაში. ასევე, 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა სოფელ ღორთუბანში.

სამივე სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.

სამი სოფლის 400-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს განათლების მიღებას.

ახალი სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამში დასრულდა 11 და მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. რეგიონში სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამის ფარგლებში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 50-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა და 50-ზე მეტი სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 67 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

Previous articleსაგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
Next articleხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს