ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, დედოფლისეულ სასახლეში კი ახალი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელთა რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
დღეიდან, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში ფუნქციონირებას დაიწყებს სამკითხველო დარბაზი, რომელიც სასახლეში საუკუნოვანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა. ახალი სივრცისათვის სპეციალურად მომზადდა ვიტრინა-კარადები, სადაც დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკა გამოიფინა. მათ შორისაა: ნაპოლეონის კორესპონდენციები, მე-17-18 საუკუნეების იტალიური, ფრანგული, გერმანული გამოცემები. აღსანიშნავია, რომ უნიკალურ ლიტერატურაზე წვდომა მეცნიერებისათვის სამკითხველო დარბაზის არარსებობის გამო შეზღუდული იყო. ამიერიდან, მკვლევარებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ მათთვის საინტერესო ხელნაწერები, ფოტოები, საარქივო მასალა და ა.შ. სამკითხველო დარბაზი დადიანების სასახლეების ისტორიაში ამ ტიპის პირველი საზოგადოებრივი სივრცეა, რომელიც მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურის კვლევასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების ფარგლებში, დედოფლისეულ სასახლეში ახალი ექსპოზიცია გაიხსნა. ეკატერინე დადიანის რეზიდენციაში მთავრისეული დარბაზი, უფლისწულ ანდრიას ოთახი და იმპერატორების გალერეა ნახევარ წელზე მეტია დაკეტილია, რისი მიზეზიც სამივე სივრცეში ჩამონგრეული ჭერი გახლდათ. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სასახლეში გადაუდებელი სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა. ამიერიდან დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა დედოფლის სასახლე სრულად დაათვალიეროს, იხილოს ახალი ექსპოზიცია, სადაც ნივთების უმრავლესობა პირველად გამოიფინა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაცია.