მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.
ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იწყება.
პროექტი, დამატებით, დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.