Home Blog გვერდი 163

კურორტ აბასთუმანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

აბასთუმანში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია
პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ

საგურამოში ფინური სკოლა გაიხსნება

საგურამოში ფინური სკოლა 2019 წლის სექტემბერში გაიხსნება და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლა საქართველოში.

პროექტის მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც.

ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. 2021 წელს კი დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ ევროა.

კასპში მეფრინველეობის ფაბრიკა აშენდება

0

კასპში, სოფელ მეტეხში მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და სექტემბრიდან ბაზარს თვეში 250 ტონა ქათმის ხორცით მოამარაგებს.

ფაბრიკაში ბროილერის ჯიშის ქათამს გაზრდიან, რომელსაც ბაზარს როგორც – ნედლი, ასევე გაყინული სახით მიაწვდიან.

ფაბრიკაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც 1,5 მილიონს საპარტნიორო ფონდი გამოყოფს.

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა

0

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.

სამინისტროს ბიუჯეტიდან კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილმა თანხამ 9 000 000 ლარზე მეტი შეადგინა.

პროფესიული განათლების დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირებას იწყებს. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით იგეგმება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს, რაც ნიშნავს, რომ საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (მე-9 კლასი) პროფესიის შესწავლის პარალელურად ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

რეფორმა მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა

0

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა.

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შეამოწმებას იწყებს

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს

უწყების ცნობით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.

შემოწმება სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას მოხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

თბილისის 63 საბავშვო ბაღში თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება

0

თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი. აღრიცხულია ის ოცამდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.

სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელია სამისამართო სიგნალიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილომდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.

თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში.

MAN-ის ახალი ავტობუსები უახლოეს მომავალში თბილისში შემოვა

0

„90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც კომპანია MAN-მა გაიმარჯვა. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით, 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი. ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე დამზადებულია და რამდენიმე დღეში, თბილისში შემოვა. ეს არის ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსი, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერები იმისთვის, რომ ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული. გათვალისწინებულია ასევე, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს.

საქართველო ევროპის ბიზნეს რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა

0

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.

2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.