Home Blog გვერდი 103

ციხისძირში პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ციხისძირში პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლებს, ასევე – დერეფნის უბანს.

ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს.

შენდება 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა.

მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, ღია და სპორტული მოედანი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოები მიმდინარეობს 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც „ქუვეითის ფონდი“ აფინანსებს, გამარჯვებული გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

პროექტი სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და, ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმოკლესი გზით დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

„განათლების ქალაქი“ მოიცავს მათემატიკურ სკოლას, 100 ახალგაზრდაზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს და სხვ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათემატიკური სკოლის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.

მათემატიკური სკოლის შენობაში, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილ საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

კომპანია შპს „ქართული აგრო პროდუქტი” პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

დღეის მონაცემებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო ამოქმედდა.

თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება

0

მთავრობის ხელშეწყობით 8 სექტემბერს თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ.

„საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რეისს ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ შეასრულებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 600 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და სპორტული მოედანი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა ამოქმედდა

0

საქართველოს მთავრობის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მარნეულში ახალი სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ ამოქმედდა.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მეურნეობაში 2.8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 365 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ნერგების რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე.

დღეის მონაცემებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ამოქმედდა 225 ახალი და გაფართოვდა 986 აგროსაწარმო.

ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება

0

ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.

„მომავალი კვირიდან ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ ​საპროექტო სამუშაოებს. ასევე, ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ბრიტანულმა კომპანიამ, „სიბიეს სტუდიოსმა“ პარკის ფუნქციური ზონების პროექტი დაამუშავა იმის გათვალისწინებით, რომ პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიცვლის პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარალელურად მიმდინარეობს ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება და როგორც კი მზად იქნება პროექტი, კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

„პროექტის განხორციელებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება და გარკვეული შეზღუდვები მოგვიწევს, თუმცა ისე დავგეგმავთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ ადამიანებს. გპირდებით, რომ როგორც სამუშაოები ჩატარდა და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში ძალიან ლამაზი სივრცე. დარწმუნებული ვარ, ვაკის პარკიც თბილისელების საამაყო პროექტი იქნება და ძალიან მაგარი სივრცე გამოვა რეაბილიტაციის შემდეგ. მომავალ კვირას უკვე ვიწყებთ სამუშაოებს. უნდა აღნიშნოს, რომ მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკსა და კასკადს შეუნარჩუნდება პირვანდელი სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ივე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან. ტრანზიტული მოძრაობა სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ახალი გზის საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდა.

იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთებთან მოეწყობა სპეციალური უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.

ჯამში, 2020 წელს 70 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება, რაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანი პროგრესია.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ. ლარია.